„გადაარჩინე ბავშვები“ - საომარი მოქმედებების გამო მსოფლიოში ფსიქოლოგიური დახმარება 24 მილიონ ბავშვს სჭირდება
„გადაარჩინე ბავშვები“ - საომარი მოქმედებების გამო მსოფლიოში ფსიქოლოგიური დახმარება 24 მილიონ ბავშვს სჭირდება

საერთაშორისო მასშტაბით საომარი მოქმედებების გამო ფსიქოლოგიური დახმარება 24 მილიონ ბავშვს სჭირდება. ამის შესახებ ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვები“ იუწყება.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ მომზადებული ახალი ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო მასშტაბით კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობამ 420 მილიონს მიაღწია.

ორგანიზაციის ცნობით, მსგავს ადგილებში ყოველწლიურად სულ მცირე ათასი ბავშვი იღუპება, ომის პირობებში მცხოვრები ბავშვების ნაწილს კი, მიყენებული ტრავმიდან გამომდინარე ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.

საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარებიდან მხოლოდ 0,14 პროცენტი მოხმარდა ბავშვებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას. ანგარიშიც თანახმად, ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება იემენსა და სამხრეთ სუდანშია.

ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვების“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა მდგომარეობის გამოსასწორებლად გაცილებით ეფექტურ ზომებს უნდა მიმართონ.