გადაადგილებაზე შეზღუდვა პირველი ივლისიდან უქმდება
გადაადგილებაზე შეზღუდვა პირველი ივლისიდან უქმდება

ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა პირველი ივლისიდან იხსნება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

„მინდა, დღეს მიღებული გადაწყვეტილება გაცნობოთ. დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება პირბადის ღია სივრცეში ტარება, გარდა ტრანსპორტისა და დახურული სივრცეებისა. მეორე – პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი და მესამე – ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიურ ვაქცინაციის პროცესს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მობილობის შესამცირებლად, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ფეხით, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა იყო აკრძალული. 2021 წლის პირველი ივნისიდან კი, შეზღუდვის პერიოდი შემცირდა და 23 საათიდან დილის ოთხ საათამდე მოქმედებდა.