გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ომი არ წააგოს
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ომი არ წააგოს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ომი არ წააგოს. ამის შესახებ განცხადება გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „ფორინ პოლისისთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ომის გამო, უკრაინაში სამხედრო ქარხნები არ მუშაობენ და ამიტომ ახლა უკრაინა სრულად დამოკიდებულია დასავლეთის დახმარებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და თუნდაც პოლონეთი, აკეთებენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია, რისი გაკეთება შეუძლიათ და უნდა აკეთებდნენ დიდი ინდუსტრიული ქვეყნები“, – ამბობს ლანდსბერგისი.

მისივე განცხადებით, რაც უფრო მეტ სარაკეტო სისტემას მიიღებს უკრაინა დასავლეთისგან, მით მეტი ტერიტორიის დაბრუნებას შეძლებენ უკრაინელი სამხედროები.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დასავლეთმა უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა რუსეთის დამარცხება სტრატეგიული მიზანი და თუ არის, რა შეიარაღება არის საჭირო ამ მიზნის მისაღწევად.

„ომის მოგებამდე ჯერ ძალიან შორია. ყოველ შემთხვევაში, ინფორმაცია, რომელსაც ვხედავთ, არ არის დამაიმედებელი, რუსები კვლავ აგრძელებენ პროგრესს და უკრაინელებს არ შეუძლიათ საკონტაქტო ხაზის შენარჩუნება. ამიტომ არის დიდი შანსი, რომ რუსეთმა არ წააგოს. დიახ, ისინი დაჭრილები არიან სანქციებით და დანაკარგებით ბრძოლის ველზე, მაგრამ ამას გაუძლებენ და თუ ისინი ამას გრძელვადიანად გაუძლებენ, მაშინ ჩვენ ვართ გეოპოლიტიკური რეალობის სახიფათო ეტაპზე“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, დასავლეთი თუ დაუშვებს, რომ უკრაინამ ტერიტორიები დაკარგოს, მაშინ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი დაირღვევა და საფრთხე ყველა ქვეყანას დაემუქრება.