გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს და უკრაინის მისწრაფებებს ნატო-სკენ, კურსს არც ერთმა არ უნდა გადაუხვიოს
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს და უკრაინის მისწრაფებებს ნატო-სკენ, კურსს არც ერთმა არ უნდა გადაუხვიოს

გულწრფელად გეტყვით, რასაკვირველია, ჩვენამდეც მოვიდა ეჭვები, რომელიც გაჟღერდა საქართველოს მიმართ იმასთან დაკავშირებით, მოაგვარებდა თუ არა საქართველო შიდაპოლიტიკურ პრობლემას. როგორც საქართველოს მეგობარ ქვეყანას, ასეთი საეჭვო სიტყვები გვაღელვებდა და ჩვენი შეშფოთების საგანიც გახლდათ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ გვსმენია კრიტიკა. ხომ არ მიიჩნევთ, რომ საქართველომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ნაწილობრივ გადაუხვია თავის ევროატლანტიკურ კურსს“.

ამასთან, როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოში მისი ვიზიტი სწორედ ქვეყნის მხარდაჭერის გამომხატველია.

მისივე თქმით, გარდა შეთანხმების საკითხისა, მთელი რიგი ფაქტორებია, რომლებიც ლიეტუვას აინტერესებს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის გაზრდილი სამხედროების ყოფნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

„სწორედ ამიტომ ვიმყოფები დღეს აქ. მართალია, დავაგვიანე, შეთანხმებას ხელი მოეწერა, მაგრამ ჩემი ვიზიტი მხარდაჭერის გამომხატველია. გარდა ამ შეთანხმებისა და პოლიტიკური სიტუაციისა, არსებობს მთელი რიგი სხვა ფაქტორებიც, რომლებიც გვაშფოთებს და გვაინტერესებს. მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის გაზრდილი სამხედროების ყოფნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. ვფიქრობ, სიტუაცია უკვე მოგვარდა და ეს მართლაც ჩემი საუკეთესო გზავნილი გახლავთ. არ მინდა, ზედმეტად ოპტიმისტი ვიყო, შევხედავ როგორ მოხდება ამ შეთანხმების განხორციელება“, – განაცხადა  გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

რაც შეეხება ნატო-ში საქართველოს და უკრაინის ინტეგრაციის საკითხს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ და უკრაინამ კურსს არ უნდა გადაუხვიონ.

„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მისწრაფებებს ნატოსკენ. ჩვენ ასევე კარგად ვიცით 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაცია და განცხადება ამის თაობაზე. ასევე ორ ქვეყანას შეუძლია განაცხადოს გზამკვლევის შესახებ, წარადგინოს გრამპლები ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით. ორივე ქვეყანამ როგორც უკრაინამ, ასევე საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა. არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის განსხვავებები, მაგრამ მსგავსებებიც არის, მაგალითად, გეოპოლიტიკური მდგომარეობა, აგრეთვე საფრთხეები ორივე ქვეყნის მიმართ, ასევე ის შესაძლებლობები, რაც უკავშირდება ტრანსატლანტიკურ კურსს. არჩეულ კურსს არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა გადაუხვიოს“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.