გაბრიელიუს ლანდსბერგისი - კარგი ისტორიები ომს ვერ იგებს, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისა და უსაფრთხოების რეალური გარანტიების გარეშე, ერთობის დიდებული ნარატივი ცინიზმს უახლოვდება
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - კარგი ისტორიები ომს ვერ იგებს, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისა და უსაფრთხოების რეალური გარანტიების გარეშე, ერთობის დიდებული ნარატივი ცინიზმს უახლოვდება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და უსაფრთხოების რეალური გარანტიების გარეშე, სოლიდარობის დიდებული ნარატივი ცინიზმს ემსგავსება.

ამის შესახებ გაბრიელიუს ლანდსბერგისი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„კარგი ისტორიები ომს ვერ იგებს. უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისა და უსაფრთხოების რეალური გარანტიების გარეშე, უკრაინასთან სოლიდარობის, ერთობის დიდებული ნარატივი იფიტება და ცინიზმს უახლოვდება“, – წერს ლანდსბერგისი.

ლანდსბერგისის თქმით, უკრაინელებმა არაერთხელ მოახდინეს სასწაული და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს „ექსპერტები“.

„ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ ასეთი მოკავშირე გვყავს, მაგრამ გამარჯვებაში დახმარების ნაცვლად, უკრაინელებს ზურგს უკან შეკრული ცალი ხელით ბრძოლას ვთხოვთ“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისივე განცხადებით, რუსეთისგან დიდი საფრთხე მოდის და წესებზე დამყარებული სისტემის გადარჩენის საკითხი ეჭვქვეშ დგას.

„ტერიტორიები შეიძლება დაიკარგოს, ქვეყნები შეიძლება მოექცნენ ოკუპაციის ქვეშ. ამ ისტორიას არ აქვს კეთილი დასასრული, თუ ჩვენ არ გადავწყვეტთ სცენარის გადაწერას“, – წერს „ტვიტერში“ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.