„გაბედეს“ წევრებსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ანგარიშის წარდგენის პარალელურად აქციაც გაიმართა. სასტუმრო „რედისონთან“ „გაბედეს“ რამდენიმე აქტივისტი მივიდა. მათ პრეზენტაციაზე შესვლა სცადეს. მათი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს მორალური უფლება არ აქვთ, ადამიანის უფლებებზე ისაუბრონ.

„გაბედეს“ წარმომადგენლებმა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსაც მიმართეს, რომელსაც მხარდაჭერა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესება სთხოვეს.

ამასთან, თბილისის საკრებულოს წევრ ირაკლი ზარქუასა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ირაკლი ზარქუამ ბექა ნათელაშვილს მიმართა, ჰკითხოს მამამისს, საიდან აქვს ქონება, როცა ბიზნესში 90-იანი წლებიდან არ ყოფილა.

„შენ ჯერ გაბედე, მამაშენს ჰკითხე, 90-იანი წლებიდან ბიზნესში არ ყოფილა და სამსართულიანი სასახლე როგორ აიშენა? ბიზნესში არ ყოფილა და საიდან აქვს ასეთი ქონება? მაშინ დაგიჯერებთ ყველა“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილეები დეპუტატებს, სოფიო კილაძესა და ანრი ოხანაშვილს პარლამენტში 16:00 საათზე შეხვდებიან.

„ჩემთვის პარლამენტში არ მოგიმართავთ. მე უარი არასდროს მითქვამს თქვენთვის. შევხვდეთ დღეს, თუმცა ჩემი არჩევანია საქმიანი საუბარი და არა ტელევიზიის თანდასწრებით პოზირება“,- მიმართა აქციის მონაწილეებს დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი