ფუტსალის ნაკრებმა კოსოვო დაამარცხა და ევროფინალის პლეი ოფის საგზური გაინაღდა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში ჩაატარა – ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინრაუნდში კოსოვო დაამარცხა (3:1) და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
პრიშტინაში ჩატარებული მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა დამაჯერებალად დაიწყო და მე-16 წუთზე გიორგი ღავთაძის გოლით დაწინაურდა. მართალია, მასპინძლებმა მერგიმ დერვიშაის (31 წუთი) გოლით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ ნიკა ხარატიშვილისა (32) და არჩილ სებისკვერაძის (38) გოლებით საქართველომ კოსოვო დაამარცხა და ამ ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ნაკრები პლეი ოფში ითამაშებს.
მეინრაუნდის დასკვნით შეხვედრაში საქართველო 16 აპრილს საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელიც ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.