ფუტსალის ლიგის თასის მფლობელი პენალტებში გაირკვა - თსუ ტურნირის პირველი გამარჯვებულია
ფუტსალის ლიგის თასის მფლობელი პენალტებში გაირკვა - თსუ ტურნირის პირველი გამარჯვებულია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ფუტსალის ლიგის თასის სადებიუტო გათამაშების გამარჯვებულია – ფინალში, რომელიც ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, ერთმანეთს უმაღლესი ლიგის გუნდები, თსუ და „თელასი“ დაუპირისპირდნენ.

მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, პირველი ტაიმი კი უგოლოდ დასრულდა. მთავარი ამბები მეორე ტაიში მოხდა. „თელასი“ ოცდამეოთხე წუთზე ამირან ცხომარიას გოლით დაწინაურნენ. გიორგი ჩიმაკაძემ წონასწორობა სამ წუთში აღადგინა, ძირითადი დრო კი 1:1 დასრულდა და ლიგის თასის გამარჯვებული „საფეხბურთო ლატარეაში“, პენალტების სერიაში გამოვლინდა.

უნივერსიტეტელების მხრიდან ლევან კობაიძემ და გიორგი ჭოხონელიძემ პენალტი ზუსტად შეასრულეს. გიორგი სოზაშვილმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ თსუ-ს ირანელმა მეკარემ, ალი ასლანმა, ორი დარტყმის მოგერიება შეძლო და საბოლოოდ თსუ-მ 3:2 იმარჯვა.

ფინალის საუკეთესო მოთამაშედ თსუ-ს მეკარე ალი ასლანი დასახელდა. გათამაშების ბომბარდირი კი შვიდი გატანილი გოლით ამირან ცხომარია გახდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სადებიუტო ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა დავით ბობოხიძის გაწვრთნილები 2016-2017 წლების სეზონში ფუტსალის ლიგის პირველი გამარჯვებულებიც გახდნენ.

„ჩვენი მოწინააღმდეგე „თელასი“ ნაკრების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ძალიან ძლიერი გუნდია და დღევანდელი მატჩის ფავორიტი იყო. თამაში მათი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბიჭების თავდადებით მატჩში გარდატეხის შეტანა შევძელით და ანგარიში გავათანაბრეთ. ჩვენს გულშემატკივრებს დღევანდელ შედეგში დიდი წვლილი მიუძღვით – ბოლო წამამდე გვამხნევებდნენ. თვითონ ტურნირმა, ძალიან კარგად და ხარისხიანად ჩაიარა, რისთვისაც SBM-ის სპორტულ სააგენტოსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობას ვუხდი. თასის თამაშები ჩვენთვის დამატებითი გამოცდილება იყო. დებიუტანტი გუნდი ვართ და გვინდოდა სეზონი ტიტულით დაგვესრულებინა. იმედი მაქვს, ეს გამარჯვება მომავალი წარმატებების საწინდარი იქნება“, – ამბობს თსუ-ს მთავარი მწვრთნელი დავით ბობოხიძე.

დატოვე კომენტარი