ფუტსალის ლიგა | პსპ-მ ლიგის დებიუტანტი დაამარცხა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა | პსპ-მ ლიგის დებიუტანტი დაამარცხა #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში პირველი ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა – თბილისის ახალი სპორტის სასახლეში ლიგის დებიუტანტი „არმია“ პსპ-ს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მეორე ტაიმში გავიდა. პსპ-ში გადასულმა „თბილისის უნივესისტეტის“ ყოფილმა კაპიტანმა მიხეილ თევზაძე 24-ე წუთზე თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და „ფარმაცევტებს“ სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა 1:0.

ახალი სეზონის პირველ დღეს საქართველოს ჩემპიონმა კსუ-მ „მართვე“ დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა, ხოლო ვიცე-ჩემპიონმა თსუ-მ – ილიაუნი 3:1. პირველი ტურის შემდეგ, ცხრილს კსუ, თსუ და პსპ 3-3 ქულით ლიდერობენ, მაგრამ სასტარტო ტურის კიდევ ერთი მატჩი დარჩა – 24 ოქტომბერს „თელასი-ჯორჯიანსი“ ბათუმის „საზღვაო აკადემიას“ შეხვდება.

ფუტსალის ლიგაში წელს ოქროს მედლებისთვის 8 გუნდი იბრძოლებს. წინა სეზონისგან განსხვავებით, ფუტსალის მთავარი ლიგის გეოგრაფია გაფართოვდა და ქუთაისის და ბათუმის გუნდები თამაშობენ.

ჩემპიონატის ახალი სეზონის ძირითადი ეტაპი 3 წრედ გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფავორიტები უკვე პლეიოფში გააგრძელებენ.