ფუტსალის ლიგა - ჩემპიონმა 17 გოლი გაიტანა
ფუტსალის ლიგა - ჩემპიონმა 17 გოლი გაიტანა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის მე-13 ტურში ბათუმის ბსუ თსუ-სთან შეხვედრაზე არ გამოცხადდა და ტექნიკური წაგება – 0:5 ჩაეთვალა.

პირველ მატჩში მოქმედი ჩემპიონი „თელასი“ ქუთაისის „მართვეს“ დაუპირისპირდა და რეკორდული შედეგით დაამარცხა. „ენერგეტიკოსებმა“ პირველი ტაიმში რვაბურთიანი უპირატესობით მოიგეს, საბოლოო ანგარიში კი 17:2 იყო. „თელასში“ შვიდი გოლი ვახტანგ ჯვარაშვილმა გაიტანა, ნიკა ხარატიშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო გიორგი ტიკურიშვილმა – დუბლი.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „თბილისი“ „ილიაუნის“ დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი თამაშის შემდეგ გუნდები ფრეზე გაიყარნენ. მატჩში ანგარიში ორჯერ გათანაბრდა. თბილისი მე-12 წუთზე ბექა ონიანმა დააწინაურა, ტაიმის მიწურულს წონასწორობა გიორგი მამულაშვილმა აღადგინა. თამაშის განახლებიდან მალევე აველო კიკვაძემ თბილისელები კვლავ წინ გაიყვანა, თუმცა მამულაშვილმა დუბლი გაიფორმა და უნივერსიტეტელებს ქულა შეუნარჩუნა – 2:2. აღსანიშნავია, რომ მეტოქეებმა სამი 10-მეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენეს – ორჯერ ილიაუნმა (რომელმაც ამ შედეგით სამეულში ადგილი გაიმყარა), ხოლო „თბილისმა“ – ერთხელ.

13 ტურის შემდეგ „თელასი ჯორჯიანსი“ 36 ქულით ლიდერია. მას ექვსი ქულით ჩამორჩება თსუ (30), მესამეზე ილიაუნია (22), ხოლო ბოლო ადგილზე – ბათუმის ბსუ, რომელმაც მხოლოდ ოთხი ქულა დააგროვა.