ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა #1TVSPORT

თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.

პირველი მატჩისგან განსხვავებით, რომელიც ავთანდილ ასათიანის გუნდმა 3:2 მოიგო, ამ დაპირისპირებაში შედარებით ნაკლები საგოლე მომენტები შეიქმნა, პირველი ტაიმი კი 0:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა და მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშიც გახსნა. რონინიომ ბურთი გიორგი ღავთაძეს მიაწოდა, რომელმაც მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ზუსტად დაარტყა, გიორგიმ ამ ორ ამხანაგურ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ აზერბაიჯანელებმა მთელი ძალებით შეუტიეს და ხუთ წუთში წონასწორობა აღადგინეს – სწრაფი კონტრშეტევისას ემილ ჰასანზადემ ბურთი კენან მანაფოვს გადააწოდა, რომელსაც ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია.

საქართველოს ნაკრებმა ამის შემდეგ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ აზერბაიჯანის ნაკრების მეკარე ემინ კურდოვი შესანიშნავად თამაშობდა და სტუმრები რამდენჯერმე გოლისგან გადაარჩინა.

მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე საქართველოს ნაკრების სწრაფ და ეფექტურ შეტევას მეტოქემ ვერაფერი მოუხერხა – გიორგი ჩიმაკაძის გადაცემით თავი ირაკლი თოდუამ გამოიჩინა და გუნდს გამარჯვება მოუტანა – 2:1.


საქართველო – აზერბაიჯანი 2:1


გოლები: 1:0 ღავთაძე (23. რონინიოს პასით), 1:1 მანაფოვი (29. ჰასანზადეს პასით), 2:1 თოდუა (27. ჩიმაკაძის პასით)