ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა - ზვიად კუპატაძემ გოლი საკუთარი კარიდან გაიტანა #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა - ზვიად კუპატაძემ გოლი საკუთარი კარიდან გაიტანა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდის მესამე შეხვედრა ფინეთთან საკუთარ მოედანზე გამართა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა – 5:2.

მედიაში ამ დაპირისპირებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესარჩევ ჯგუფში ჩვენმა მეტოქეებმა, პორტუგალიის და ფინეთის ფედერაციებმა უეფა-ში საქართველოსა და სომხეთის ფუტსალის ნაკრებებს ნატურალიზებული ფეხბურთელების თამაშის გამო უჩივლეს.

თუმცა, თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ მატჩში ავთანდილ ასათიანის გუნდში ლეგიონერებმა კვლავაც ითამაშეს და მთავარი როლი შეასრულეს. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მე-9 წუთზე სიმი საიოტის ზუსტი დარტყმით გახსნა. ტაიმის ბოლოს კი ვახტანგ კეკელიას დარტყმული ბურთი საკუთარ კარში იირო ვანჰამ ჩაჭრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში შაგინიას შესანიშნავი შეტევის შემდეგ ჩვენი უპირატესობა სამამდე ბინიომ გაზარდა. ფინელები შეტევაზე გადმოვიდნენ და იუსტუს კუნასმა სხვაობა შეამცირა. შემდეგ მეტოქემ მეკარე მოთამაშით შეცვალა, ამით ჩვენმა ფეხბურთელებმა ისარგებლეს და ორჯერ ცარიელ კარში გაიტანეს. ჯერ ეს ბინიომ მოახერხა, მერე კი საქართველოს ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ, რომელმაც გოლი საკუთარი კარიდან გაიტანა. საბოლოო ანგარიში ფინელმა ტერო ინტალამ დააფიქსირა.

ამ მატჩით ჯგუფში პირველი წრე დასრულდა. საქართველოს 6 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა (პირველზე პორტუგალიაა 9 ქულით). მომდევნო შეხვედრას ავთანდილ ასათიანის გუნდი ტურკუში 11 ოქტომბერს, კვლავ ფინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველო – ფინეთი 5:2

გოლები: 1:0 სიმი საიოტი (9), 2:0 ვანჰა (16), 3:0 ბინიო (21), 3:1 კუნასი (33), 4:1 ბინიო (35), 5:1 კუპატაძე (38), 5:2 ინტალა (40)