ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ერევანში დამარცხდა - უეფა-სგან დასჯილმა სომხეთის გუნდმა ლეგიონერები მაინც ათამაშა #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ერევანში დამარცხდა - უეფა-სგან დასჯილმა სომხეთის გუნდმა ლეგიონერები მაინც ათამაშა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდში მეხუთე მატჩი სომხეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა.

ამ შეხვედრამდე ორივე გუნდს ფინეთთან და პორტუგალიასთან ზედმეტი ლეგიონერების თამაშისთვის წაგებები ჩაუთვალეს. ამის გამო საქართველოს ნაკრებში მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა მხოლოდ ოთხი ლეგიონერი დაიმატა – ჩიმბა, ბრუნო გომესი, რონინიო და ბრუნო პეტრი.

სომხეთის ნაკრებში კი, უეფა-ს სასჯელის მიუხედავად, მაინც რვა ნატურალიზებულმა ფეხბურთელმა ითამაშა, ესენი არიან: ლუან მიულერი, როდრიგინიო, ჟოან გილერმე, ჟულიუ ზანოტო, ფელიპე პარადინსკი, ნიკიტა ხრომიხი, დენის ნევედროვი და ლუკას როზენსკი.

ერევანში ჩატარებული მატჩი დაძაბული გამოვიდა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეექვსე წუთზე ანგარიში გარეგინ მაშუმიანმა გახსნა, მაგრამ მეცხრე წუთზე წონასწორობა გიორგი ღავთაძემ აღადგინა. მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვეს, მათ ვლადიმირ სანოსიანის (26) და როდრიგინიოს (29) გოლებით გაიმარჯვეს.

ელიტ რაუნდის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 20 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში 18:00 საათზე გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე პორტუგალიის ეროვნული ნაკრები იქნება, მატჩზე დასწრება თავისუფალია.