ფუტსალი | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა ვერ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასკვნითი მატჩი ჯგუფის მასპინძელთან, ლიეტუვასთან გამართა და უხვგოლიანი შეხვედრა 7:7 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები მე-5 წუთზე მოსე ჩიკიროვმა დააწინაურა. მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, მაგრამ მე-10 წუთზე არბიტრმა გიორგი აირაპეტიანი გააძევა. ამით ლიეტუვის ნაკრებმა ისარგებლა და ტაიმის ბოლოს და შესვენების შემდეგ კიდევ ოთხი გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრები თამაშში 25-ე წუთიდან დაბრუნდა. დაჩი ცალუღელაშვილის, ლიეტუველთა ავტოგოლის და მოსე ჩიკიროვის კიდევ ოთხი გოლის შემდეგ, ჩვენი გუნდი 7:6 დაწინაურდა და გამარჯვებასთან ახლოს იყო. თუმცა 39-ე წუთზე არბიტრმა მეორე მოთამაშე, ნიკოლოზ გოგოხია გააძევა და რიცხობრივ უმცირესობაში მეორედ დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა.
შედეგად, ჩვენმა 19-წლამდე გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი 5 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა. მეინრაუნდის საგზური კი ჯგუფის გამარჯვებულმა, გერმანიის ნაკრებმა მოიპოვა.