ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი – მჯერა, რომ ჩვენი ბიჭები მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად მზად არიან #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ტყეშელაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კოსოვოსთან პირველ შეხვედრამდე გუნდის მზადებისა და მოახლოებული მატჩის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
„მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა თითოეული ჩვენგანის დიდი ოცნებაა. ამ ოცნების ასასრულებლად საჭიროა, ყველამ მაქსიმუმი გავიღოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. წინ რთული და გრძელი გზა გვაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიჭები ამ გამოწვევისთვის მზად არიან.
როგორც ყოველთვის, პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. კოსოვოს ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა. მათი ძლიერი და სუსტი მხარეები შევისწავლეთ და უნდა ვეცადოთ, გულშემატკივრის მხარდაჭერით, პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ.
კოსოვოსთან მატჩის დასრულებისთანავე იტალიასთან შეხვედრაზე გადავერთვებით, თუმცა ამ ეტაპზე მთელი ჩვენი ყურადღება პირველ თამაშზეა კონცენტრირებული. მომზადების პროცესს გეგმის მიხედვით მივყვებით. უკვე ხუთი დღეა, ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და, რასაც ვხედავ, ბიჭები ყველა თვალსაზრისით მზად არიან“, – ამბობს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
საბა ტყეშელაშვილი:
„მზადება კარგად მიმდინარეობს. კოსოვოსთან ადრეც გვითამაშია, ვიცნობთ მეტოქის ძლიერ მხარეებს და ვიცით, რომ ძლიერი გუნდია. მიუხედავად ამისა, გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.
საქართველო-კოსოვოს მატჩი 14 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასწრება უფასოა.