ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა
ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

როგორც საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძე განაცხადა, ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 6000-მდე პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი.

მისივე თქმით, პედაგოგები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამური ოდენობას მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისშივე მიიღებენ. ამასთან, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.

„ამ ფორმით, სახელმწიფო საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ისტორია და აღზარდეს არაერთი თაობა, მადლიერებას გამოხატავს მათი მრავალწლიანი ფასდაუდებელი პედაგოგიური საქმიანობის გამო“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციას და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

„შეგახსენებთ, რომ 2019 წელს განხორციელებული შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, 2022 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროზე დაიხარჯება, თუმცა ახლაც მიმდინარეობს განათლების დაფინანსების სისტემური, ეტაპობრივი ზრდა, რაც ცხადია, მოიაზრებს უფროსი, წამყვანი, მენტორი მასწავლებლების ანაზღაურების ზრდასაც. როგორც რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ, სკოლებში ხარისხის ასამაღლებლად ვახორციელებთ განათლების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს, რაც მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების ხელშეწყობის პარალელურად, პედაგოგების მოტივაციას გულისხმობს“, – აღნიშნა ირინა აბულაძემ.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.