ფსიქოლოგის განცხადებით, გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი „ჯერ კიდევ ემოციურად გამოფიტულია, ვერ შეძლებს,  „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის გამომძიებელ კომისიას“ ჩვენება მისცეს
ფსიქოლოგის განცხადებით, გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი „ჯერ კიდევ ემოციურად გამოფიტულია, ვერ შეძლებს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის გამომძიებელ კომისიას“ ჩვენება მისცეს

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი ჯერ კიდევ ემოციურად გამოფიტულია, ვერ შეძლებს, ჩვენება მისცეს საპარლამენტო კომისიას და ხანგრძლივ დაკითხვაში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის გარემოებებს იძიებს. ამის შესახებ შრიოდერის ფსიქოლოგმა განაცხადა.

მისივე თქმით, მართალია, ყოფილი კანცლერი ახლა თავს ცოტა უკეთ გრძნობს, თუმცა ხანგრძლივ დაკითხვას ვერ გაუძლებს, რადგან ის სწრაფად იღლება და მისთვის რთულია რამეზე დიდ ხანს კონცენტრირება.

გერჰარდ შრიოდერს ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს უნდა მიეცა ჩვენება მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის ლანტაგის კომისიისთვის, თუმცა რესპირატორული დაავადების შესახებ ცნობა წარადგინა. მოგვიანებით, 4 თებერვალს მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ყოფილი კანცლერი ემოციური გამოფიტვის გამო საავადმყოფოში იმყოფება, რაც მისმა მკურნალმა ექიმმაც დაადასტურა და სწორედ ამის გამო „უახლოეს მომავალში“ ვერ შეძლებს, „გაუმკლავდეს ფიზიკურ და ფსიქიკურ სტრესს, რაც დაკავშირებულია საგამოძიებო კომისიის მიერ საჯარო დაკითხვასთან“.

მეკლენბურგ-წინა პომერანიის ლანტაგის კომისიამ, ამავე ფედერალურ მიწაზე 2021 წელს შექმნილი „კლიმატისა და ეკოლოგიის დაცვის“ ფონდის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. მედიის ცნობით, სწორედ აღნიშნული ფონდი დაეხმარა ამერიკული სანქციების გვერდის ავლით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულებას, რისთვისაც „გაზპრომისგან“ 20 მილიონი ევრო მიიღო. ამ ცნობებმა ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრის, მანუელა შლეზვიგის მიმართ მძაფრი კრიტიკა გამოიწვია, რომელიც გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (SPD) წევრია.

თავის მხრივ, გერჰარდ შრიოდერი, რომელიც ერთ დროს SPD-ს ხელმძღვანელობდა, ასევე იყო „გაზპრომის“ საკუთრებაში არსებული კომპანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

როგორც Der Spiegel-ი წერს, 2020 წლის ზაფხულში, როდესაც „კლიმატისა და ეკოლოგიის დაცვის ფონდის“ შექმნა ჯერ კიდევ განხილვის ფაზაში იყო, მანუელა შვეზიგი და გერჰარდ შრიოდერი ერთმანეთს კუნძულ უზედომზე მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე შეხვდნენ, რის შემდეგაც ერთად გაემართნენ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, სადაც სამსაათიანი საუბარი ჰქონდათ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილ პირთან, მატიას ვარნიგთან. ვარნიგი იყო „ჩრდილოეთის ნაკადის“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ააგო მილსადენის პირველი ორი ხაზი და მოგვიანებით დაიკავა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღმასრულებელი დირექტორის სავარძელიც.

ფედერალური კანცლერის უწყებაში განაცხადეს, რომ საუბარში არ ყოფილა „არსებითი მინიშნებები“ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე, ეს იყო „პირადი მოსაზრებების გაცვლა“, თუმცა მეკლენბურგ-წინა პომერანიის ლანტაგის კომისიის ხელმძღვანელი, „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენელი სებასტიან ელერსი მიიჩნევს, რომ შრიოდერი, შესაძლოა, იყოს მნიშვნელოვანი მოწმე.

მისი დაკითხვის ახალი თარიღი ჯერ არ დასახელებულა.

აღსანიშნავია, რომ გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 1998-დან 2005 წლამდე იკავებდა. მოგვიანებით, ის ჩაერთო „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობაში. ასევე არჩეულ იქნა “როსნეფტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, თუმცა ეს პოსტი გასული წლის გაზაფხულზე საკუთარი ინიციატივით დატოვა. პოსტის დატოვებამდე ევროპარლამენტში განიხილებოდა რუსი ოლიგარქების გვერდით, სასანქციო სიაში მისი შეყვანის საკითხიც.