ფსიქოლდელიურმა ნაერთმა ადამიანის უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა 50 პროცენტით გაზარდა — #1tvმეცნიერება
ფსიქოლდელიურმა ნაერთმა ადამიანის უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა 50 პროცენტით გაზარდა — #1tvმეცნიერება

ფსილოციბინის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები შესაძლოა მენტალურ სფეროს გასცდეს. ადამიანის უჯრედებსა და თაგვებზე ჩატარებულ ახალ კვლევაში მიაგნეს პირველ ექსპერიმენტულ მტკიცებულებას იმისა, რომ ეს ნაერთი სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის და ებრძვის დაბერების ნიშნებს.

ფსილოციბინი ფსიქოდელიკებს მიეკუთვნება და ძირითადად იკვლევენ მის პოტენციალს დეპრესიის, შფოთვის და სხვა ნევროლოგიური აშლილობების სამკურნალოდ. თუმცა, ბევრი პირდაპირი კვლევა არ იყო ჩატარებული იმის შესახებ, თუ რა ეფექტები შეიძლება ჰქონოდა მას ბიოლოგიურ დაბერებაზე.

ახალ კვლევაში, ემორის უნივერსიტეტისა და აშშ-ის ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა ის ადამიანის უჯრედების კულტურაზე და ცოცხალ თაგვებზე გატესტეს. ორივე შემთხვევაში დაფიქსირდა სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვეთრი გახანგრძლივება — ფსილოციბინით დამუშავებულმა უჯრედებმა დაუმუშავებლებზე 50 პროცენტით დიდხანს იცოცხლეს, მკვეეთრად გაუხანგრძლივდათ სიცოცხლე თაგვებსაც.

„ეს კვლევა გვთავაზობს ძლიერ პრეკლინიკურ მტკიცებულებას იმისა, რომ ფსილოციბინს შეიძლება წვლილი შეჰქონდეს ჯანმრთელად დაბერებაში — არა მხოლოდ უფრო დიდხანს სიცოცხლეში, არამედ სიბერეში სიცოცხლის უკეთეს ხარისხში“, — ამბობს ემორის უნივერსიტეტის მკვლევარი ალი ჯონ ზარაბი.

ზრდასრული ადამიანის კანის უჯრედები და ნაყოფის ფილტვის ფიბრობლასტები დაამუშავეს ფსილოცინით — ნაერთით, რომელსაც ჩვენი სხეულის მეტაბოლიზმი ფსილოციბინად შლის. შემდეგ ამ უჯრედებს მეთვალყურეობდნენ იქამდე, ვიდრე ისინი დაბერების პროცესამდე მიაღწევდნენ — მდგომარეობამდე, რომელშიც უჯრედები არსებითად ამოწურავენ დაყოფის უნარს და მიძინებაში გადადიან.

100 მიკრომოლის კონცენტრაციით დამუშავებულ ფილტვის უჯრედებს დაბერების პროცესამდე მისაღწევად 57 პროცენტით მეტი დრო დასჭირდათ, ვიდრე დაუმუშავებლებს. დამუშავებული კანის უჯრედების მაჩვენებელი კი 51-პროცენტიანი ზრდა იყო.

თაგვებზე ჩატარებულ კვლევებში, 19 თვის მდედრ თაგვებს (რაც ადამიანის დაახლოებით 60-65 წელს შეესაბამება) თვეში ერთხელ აძლევდნენ ფსილოციბინს. 10-თვიანი მკურნალობის შემდეგ, იმ თაგვების 80 პროცენტი, რომლებიც ფსილოციბინს იღებდნენ, კიდევ ცოცხალი იყო, საკონტროლო ჯგუფში კი მხოლოდ 50 პროცენტი.

მიუხედავად იმისა, რომ დაბერების ნიშნები მეთოდოლოგიურად არ შეუსწავლიათ, ნამკურნალებ თაგვებს ასევე ცოტა ჰქონდათ ხანდაზმულობის ნიშანი, როგორიცაა ბალანის ხარისხის გაუარესება და ჭაღარა ბეწვის სიმრავლე.

„შედეგები მხარს უჭერს ფსილოციბინით მკურნალობის მიზანშეწონილობას ხანდაზმულებში. თუმცა, საჭიროა დამატებითი კვლევები, რათა დადგინდეს ოპტიმიზებული პროტოკოლები თერაპიული ეფექტიანობისთვის, მათ შორის, მკურნალობის დაწყების ასაკი, სიხშირე და დოზა, ასევე განისაზღვროს, ახდენს თუ არა მკურნალობა გავლენას სიცოცხლის მაქსიმალურ ხანგრძლივობაზე“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ npj Aging-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.