ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა და თუშეთში მიმავალ მგზავრებს ახლა უკვე ავტომობილით შეუძლია გადაადგილება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ განუცხადა.

„გუშინ ძლიერი სეტყვა და წვიმა იყო მთაში და ხევებიდან ჩამოსული ქვა-ღორღისგან 22-ე და 31-ე კილომეტრზე გზა ჩაიხერგა, თუმცა თუშეთის გზის გაწმენდაზე პასუხისმგებელი კომპანია შპს „ენერჯი გრუპის“ ტექნიკა ადგილზე იმყოფება და გზის გაწმენდა დროულად განახორციელა. ამის შემდეგ მანქანებმა შეუფერხებლად შეძლეს გზის გაგრძელება. ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ღამით ავტომანქანით გადაადგილებაზე დაწესდება თუ არა შეზღუდვები“, – განაცხადა კახოიძემ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, თუშეთისკენ მიმავალი გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის ტექნიკა ადგილზე იქნება მობილიზებული და მეწყერის ან სხვა გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად ჩახერგილი გზის გასუფთავებას ოპერატიულად მოახდენს.

თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ, ვერტმფრენი, რომელიც კვირაში ერთხელ რეგულარულ რეისს ასრულებდა, თვეში მხოლოდ ერთ რეისს შეასრულებს და საქართველო-რუსეთის ომალოს სასაზღვრო სექტორზე მომსახურე მესაზღვრეებს გადაიყვანს. თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანე გზა ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე იკეტება. მთაში დარჩენილ მოსახლეობასთან კონტაქტი მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით ხდება.