ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი და საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი და საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე საპროექტო, გზის გაწმენდითი, სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

„სტიქიის მომენტიდან მძიმე ტექნიკა და ყველა საჭირო რესურსი ადგილზე იყო მობილიზებული, რის შედეგადაც, მიუხედავად სტიქიის მასშტაბისა, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-9 კმ-ზე გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება და მოძრობის აღდგენა ერთ კვირაში მოხერხდა. დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე კომპანია აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ მეცხვარეებს საფეხმავლო ბილიკებით თუშეთისკენ გადაადგილება 20 მაისიდან შეუძლიათ.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ორივე მხრიდან გრძელდება თოვლის წმენდისა და ზამთრის პერიოდში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები. პარალელურად, ორი საპროექტო ჯგუფი მუშაობს სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად. პროექტირება სამი კვირაა, გრძელდება და შემდეგი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება საპროექტო გადაწყვეტების წარმოდგენა. პროექტის წარმოდგენისთანავე დაიწყება სტიქიის პრევენციის, ნაპირსამაგრი და სამშენებლო სამუშაოების წარმოება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის სულ 10-მდე პრობლემური მონაკვეთია იდენტიფიცირებული.

„რაც შეეხება ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრის შედეგად ჩამოყალიბებულ ტბას, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, კვლავ გამოწვევად რჩება. აღნიშნულ მონაკვეთზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად, ივნისის თვეში გამოცხადდება ტენდერი პროექტირებაზე“, – აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

10 მაისს, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო, რის გამოც, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.