„ფრონტერას“ თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების მიღების მოთხოვნით დედოფლისწყაროში აქცია გამართეს
„ფრონტერას“ თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების მიღების მოთხოვნით დედოფლისწყაროში აქცია გამართეს

დედოფლისწყაროში მდებარე ნავთობ-ბაზასთან ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დავალიანებების დაფარვამდე კომპანიას დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვების და სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ და ბაზა ბლოკირებული ექნებათ.

„ფრონტერას“ თანამშრომლები ფიქრობენ, რომ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება, კონგრესმენი მალინი შესაძლოა შეცდომაში შეიყვანა და ამერიკული კომპანიების საქართველოში საქმიანობის შესახებ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, რაც შემდეგ მალინის მიერ პრემიერისთვის მიწერილ ღია წერილშიც აისახა.

აქციის მონაწილეებს შეხვდა დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი. მისი განცხადებით, „ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული და იმედოვნებს, რომ პროცესი დასაქმებულების სასარგებლოდ დასრულდება.

კომპანია „ფრონტერას“ 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ, ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. კომპანიამ გაფიცვაში მყოფი 84 თანამშრომელი დეკემბერში სამსახურიდან დაითხოვა.

სამსახურიდან გათავისუფლებულებმა კომპანიას შრომის უფლებების დარღვევისათვის სასამართლოში უჩივლეს.

დატოვე კომენტარი