ფრიდრიხ ნაუმანის ფონდში ადამიანის უფლებების თემაზე შეხვედრა გაიმართა
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდში ადამიანის უფლებების თემაზე შეხვედრა გაიმართა

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდში ადამიანის უფლებების თემაზე ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, ასევე სექსუალურ უმცირესობათა უფლებებსა და მდგომარეობას, მათ შორის სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციულ გამოხატვას ლგბტ პირების მიმართ.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 18-23 ივნისს თბილისში დაგეგმილ „თბილისი პრაიდზე“. ორგანიზატორების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ტრანსფობია და ჰომოფობია დაძლიოს, როგორც ეს სხვა განვითარებულმა ქვეყნებმა მოახერხეს.

დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტივისტის, ნინო ბოლქვაძის განცხადებით, ადამიანთა ყველა ჯგუფის უფლებას სახელმწიფო თანაბრად უნდა იცავდეს.

„თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე საჯარო ღონისძიება. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები განახლდება და ძალოვანი უწყებები იმოქმედებენ ისე, რომ ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება იქნება დაცული პრაიდის კვირეულის განმავლობაში“, – განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

„თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებებია: „სოციალური თეატრი (კავკასიური მეტამორფოზა)“, საერთაშორისო კონფერენცია – თანასწორობა საჯარო სივრცეებში, ღირსების მარში.

სადისკუსიო შეხვედრა „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.