ფრიდრიხ მერცი - ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები, რომ რუსეთმა ომი უნდა დაასრულოს, ახლა ერთობლივად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ომის დასასრულებლად
ფრიდრიხ მერცი - ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები, რომ რუსეთმა ომი უნდა დაასრულოს, ახლა ერთობლივად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ომის დასასრულებლად

გერმანიის კანცლერი ოპტიმისტურად არის განწყობილი იმის გამო, რომ ევროპელმა ლიდერებმა და აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საერთო პოზიციას მიაღწიეს. ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა განაცხადა „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპელები და აშშ-ის პრეზიდენტი მომავალში უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ.

„რაც ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, არის პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები, რომ რუსეთმა ეს ომი უნდა დაასრულოს. ვფიქრობ, ეს ძალიან მკაფიო სიგნალია“, – განაცხადა მერცმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა და ტრამპმა დეტალურად განიხილეს, როგორც მომდევნო ნაბიჯები, ისე რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო დამატებითი სანქციები.

„ეს გვაძლევს გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ევროპელები და ამერიკელები ახლა ერთობლივად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ამ ომის დასასრულებლად“, – აღნიშნა ლიდერმა.

მერცის განცხადებით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერება და, ამავდროულად, მოსკოვზე ზეწოლის გაზრდა, რათა რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს.

კითხვაზე, დაჰპირდა თუ არა ტრამპი ევროპელ ლიდერებს, რომ მხარს დაუჭერდა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და რომ ევროპელები სამშვიდობო მოლაპარაკებებში სრულფასოვნად იქნებოდნენ ჩართული, მერცმა უპასუხა, რომ ეს საკითხები ეჭვქვეშ არ დამდგარა.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ამ ომის სამხედრო გზით მოგებას ვერ შეძლებს.

მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკა უკვე მნიშვნელოვნად ზარალდება როგორც ომის, ისე საერთაშორისო სანქციების გამო, რაც „მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.

მერცის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტი თანდათან იზიარებს ამ ხედვას და ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკრაინაში ომის დასრულების გზებს ეძებს.

„პრეზიდენტი ტრამპი ეტაპობრივად უახლოვდება სიტუაციის ამგვარ შეფასებას და ჩვენთან ერთად ეძებს გზას, რომელიც ამ ომის დასრულებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.