ფრიდრიხ მერცი – ვხედავთ, პარტიას, რომლის წევრებიც ნეონაცისტები არიან, ჩვენს ინსტიტუტებს ზიზღით უყურებენ, ასეთ პარტიასთან არ ვითანამშრომლებთ, მასთან საერთო არაფერი გვაქვს
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ „ალტერნატივა გერმანიასთან“ თანამშრომლობას არ დაიწყებს.
„კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ მინდა, ვთქვა, მათ შორის ჩვენი პარტიის წევრებისთვისაც: ვხედავთ, პარტიას, რომლის წევრებიც ნეონაცისტები არიან, ევროკავშირისა და ნატო-ს დატოვებას ითხოვენ და ჩვენს ინსტიტუტებს ზიზღით უყურებენ, ასეთ პარტიასთან ჩვენ არ ვითანამშრომლებთ. ჩვენ მასთან საერთო არაფერი გვაქვს“, – აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, გერმანიის დემოკრატია უკვე საფრთხის წინაშეა. როგორც გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, დემოკრატიას პირდაპირი მტრები ჰყავს, საფრთხე კი მხოლოდ გარედან კი არა, ქვეყნის შიგნიდანაც მოდის.
ფრიდრიხ მერცის განმარტებით, შიდა და გარე უსაფრთხოება ერთმანეთისგან აღარ იმიჯნება და ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
მერცმა ჰიბრიდულ შეტევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ასეთი თავდასხმების მიზანი უკვე მხოლოდ მატერიალური ზიანის მიყენება აღარაა.
„ისინი საზოგადოების დაუცველობაზე, სახელმწიფოს მოქმედების უნარის ეჭვქვეშ დაყენებასა და განხეთქილების გაღვივებაზეა გათვლილი“, – აღნიშნა მერცმა.