ფრიდრიხ მერცი – უკრაინის მოსახლეობაზე ბარბაროსული თავდასხმები უნდა შეწყდეს, მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს, დაასრულეთ ომი, ჩვენ შეგვიძლია საუბარი, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იარაღი გაჩუმდება
კიევში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმების შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
გერმანიის კანცლერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, კიევში მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვია, რომელიც დრონის დარტყმის შედეგად დაზარალდა.
მერცის ვიზიტის დროს რუსეთის თავდასხმების გამო რამდენჯერმე ჩართო საჰაერო სირენები. მერცის თქმით, ვიდრე უკრაინა ზამთრისთვის ემზადება, ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ყოველდღიურად ხდება.
„დღეს დილით, მშვიდობიან კვირას, კიევში საჰაერო თავდასხმის სირენა გაისმა. ამ მომენტიდან მხოლოდ კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო: ბატონო პუტინ, დაასრულეთ ეს უაზრო ომი. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მზად ვართ, განვიხილოთ ომის დასრულება, მაგრამ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს ბარბაროსული თავდასხმები უნდა შეწყდეს. აქ ყოველდღიურად არის ჩადენილი ომის დანაშაულები. ეს არის ინფრასტრუქტურა, ქვეყანა ზამთრისთვის ემზადება. კიდევ ერთხელ მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, რუსეთის პრეზიდენტს: დაასრულეთ ეს ომი. ჩვენ შეგვიძლია საუბარი, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იარაღი გაჩუმდება და იარაღი უნდა გაჩუმდეს“, – განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში დღეს დილით ჩავიდა. დაანონსებულია უკრაინისადმი მხარდაჭერის ახალი ზომები, მათ შორის ერთი მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარება და დამატებით 350 მილიონი ევრო ენერგეტიკული სექტორის აღსადგენად.
როგორც მედია წერს, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, მოსალოდნელია, რომ მხარეები ისაუბრებენ დრონებისა და რაკეტების ერთობლივი წარმოების შესახებ, მათ შორის 1000 კმ რადიუსზე მოქმედ რაკეტებზე.