ფრიდრიხ მერცი - შეერთებული შტატებისა და გერმანიის საერთო მიზანია უკრაინაში საშინელი ომის დასრულება, რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლა ჩვენი მოვალეობაა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლა გერმანიისა და აშშ-ის მოვალეობაა.
მისი თქმით, აშშ-ისა და გერმანიის საერთო მიზანია ამ საშინელი ომის დასრულება.
„რამდენიმე კვირის წინ უფრო ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, როდესაც პირველი დიპლომატიური ინიციატივები მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო. ამასობაში, რუსების მაგიდასთან მოყვანა უკიდურესად რთულია. ამიტომ ვთხოვ პრეზიდენტს, რუსეთზე მეტი ზეწოლა მოახდინოს. იცით, რომ სენატში სანქციების შესახებ კანონპროექტია შესული და ახლახან მქონდა დებატი, სენატის რამდენიმე კოლეგასთან განხილვა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წინ წავიწევთ. ჩვენი საერთო მიზანია ამ საშინელი ომის დასრულება“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
ფრიდრიხ მერცს დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირებაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ჩარევას არ აპირებს.
გერმანიის კანცლერმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი გერმანიისთვის საშინელი გამოწვევაა.
„ანტისემიტიზმთან დაკავშირებული ინციდენტები გერმანიაში რეალურად გაიზარდა, 2024 წელს გაორმაგდა. ეს გერმანიისთვის საშინელი გამოწვევაა. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, ამ რიცხვების შესამცირებლად. ჩვენ ვემუქრებით მათ, ვინც კანონის წინააღმდეგ მიდის. გულწრფელად რომ ვთქვათ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მიგრანტების დიდი რაოდენობით, ანტისემიტიზმი შემოვიტანეთ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.