ფრიდრიხ მერცი – საქსონია-ანჰალტის მიწაზე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება რეგიონს ზიანს მიაყენებს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააფრთხილა საზოგადოება საქსონია-ანჰალტის მიწის არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შესაძლო გამარჯვების შემხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ 6 სექტემბერს საქსონია-ანჰალტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების შემთხვევაში რეგიონს ზიანი მიადგება, რადგან ეს უცხოელ ინვესტორებს დააფრთხობს. ამის შესახებ მერცმა ყოველწლიურ საზაფხულო ინტერვიუში განაცხადა.
„თუ მოვლენები ისე განვითარდება, როგორც ამას გამოკითხვები პროგნოზირებს, მაშინ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელსაც ამომრჩეველთა 42% უჭერს მხარს, დიდი უპირატესობით ლიდერობს და ამ ფედერალურ მიწას სერიოზული პრობლემები ელოდება“,- განაცხადა მერცმა.
კანცლერის თქმით, მას არ შეუძლია, წარმოიდგინოს, რომ „საერთაშორისო ინვესტორები საქსონია-ანჰალტში ახალი ქარხნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე ან ახალი საწარმოს გახსნაზე ჩავლენ, თუ მიწის პრემიერ-მინისტრი ალტერნატივა გერმანიისთვის წარმომადგენელი იქნება“.
ამასთან, მერცმა ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თავად მიწის მოსახლეობამ უნდა მიიღოს.
კანცლერი ასევე სკეპტიკურად არის განწყობილი „ალტერნატივა გერმანიისთვის” აკრძალვის იდეის მიმართ და განაცხადა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის აკრძალვა „უკიდურესი ზომა“ უნდა იყოს.
„უკეთესი გამოსავალი იქნებოდა მსგავსი ექსტრემიზმის გავრცელებასთან პოლიტიკური საშუალებებით წარმატებული ბრძოლა“, – თქვა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა ამავე ინტერვიუში ასევე დააანონსა რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე გერმანიის პასუხი, რომელიც, მისივე თქმით, „უახლოეს დღეებში“ იქნება. მისი განცხადებით, „ფედერალურ მთავრობაში არსებობს ფართო კონსენსუსი“ დაგეგმილ რეაგირებასთან დაკავშირებით. მოსალოდნელია, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე შეთანხმებული იქნება გერმანიის პარტნიორებთან ნატო-სა და ევროკავშირში.
მერცის განცხადება ეხება თითქმის ერთი თვის წინ ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის სიახლოვეს, დახურულ ზონაში ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს.