ფრიდრიხ მერცი – რუსეთს თუ არ შევაჩერებთ, ის ომის მანქანას ადრე თუ გვიან ჩვენს წინააღმდეგ მომართავს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ვიზიტით ჩავიდა. დაანონსებულია უკრაინისადმი მხარდაჭერის ახალი ზომები. მათ შორის ერთი მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარება და დამატებით 350 მილიონი ევრო ენერგეტიკული სექტორის აღსადგენად. გერმანიის კანცლერს დელეგაციაში ეკონომიკის მინისტრიც ახლავს თან.
უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, მოსალოდნელია, რომ ისაუბრებენ დრონებისა და რაკეტების ერთობლივი წარმოების შესახებ. მათ შორის, 1000კმ რადიუსზე მოქმედი რაკეტებისაც.
„რუსეთს თუ არ შევაჩერებთ, ის ომის მანქანას ადრე თუ გვიან ჩვენს წინააღმდეგ მომართავს“, – განაცხადა მერცმა კიევში ჩასვლისას.
აღსანიშნავია, რომ მერცის ვიზიტი ხორციელდება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაჟღერებული გაფრთხილების ფონზე, რომელიც მოუწოდებს უცხოელ დიპლომატებსა და ვიზიტორებს, თავი შეიკავონ უკრაინის დედაქალაქში ჩასვლისგან.