ფრიდრიხ მერცი – „რემიგრაცია“ სხვა არაფერია, თუ არა ეთნიკური წმენდის სინონიმი, რომელიც წარმომავლობასა და კანის ფერზეა დაფუძნებული

17:54, 09.09.2026

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ წარმოდგენილი მიგრაციის მკაცრად შეზღუდვის გეგმები გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს.

„„რემიგრაცია“ სხვა არაფერია, თუ არა ეთნიკური წმენდის სინონიმი, რომელიც წარმომავლობასა და კანის ფერზეა დაფუძნებული“, – განაცხადა მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მერცმა აღნიშნა, „რემიგრაციის“ შედეგად გერმანიაში მრავალი სექტორი კვალიფიციური მუშახელის გარეშე დარჩება.

„გერმანიაში კვალიფიციური სპეციალისტების სფეროში დასაქმებული ყოველი მეექვსე ადამიანი უცხო ქვეყნის პასპორტს ფლობს. თუ ისინი, ვინც გერმანიაში მუშაობენ, იძულებული გახდებიან, ქვეყანა კვლავ დატოვონ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ „რემიგრაციას“ უჭერთ მხარს, მაშინ გერმანიის კვალიფიციური მუშახელის სექტორი ვეღარ იმუშავებს. ასეთ შემთხვევაში არცერთი მოხუცთა თავშესაფარი აღარ დარჩება ღია და ვერცერთი საავადმყოფო გერმანიაში ვეღარ გააგრძელებს მუშაობას. ვერცერთი რესტორანი ვერ შეძლებს ბიზნესის გაგრძელებას. ეს იქნება თქვენი საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგი“, – თქვა მერცმა.

პოლიტიკოს ცნობით, „რემიგრაცია“ ულტრამემარჯვენე წრეებში გამოყენებული კონცეფციაა, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს როგორც ლეგალური სტატუსის არმქონე პირების დეპორტაციას, ისე იმიგრანტებისა და მათი შთამომავლების მასობრივ გაძევებას.

მსგავსი