ფრიდრიხ მერცი – მომდევნო კვირები ევროპის თავისუფლების დაცვის კუთხით გადამწყვეტი იქნება
მომდევნო კვირები ევროპის თავისუფლების დაცვის კუთხით გადამწყვეტი მომენტი იქნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ფინეთში, არქტიკული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, მომდევნო კვირებს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება უკრაინისა და ევროკავშირის რუსეთთან დაპირისპირებაში.
„დიდი ალბათობით, ჩვენი კონტინენტის თავისუფლებისა და მშვიდობის დაცვის გზაზე ყველაზე გადამწყვეტი მომენტის, შესაძლოა, კვირების ან თვეების წინაშე ვდგავართ.
აქ, ევროპის უკიდურეს ჩრდილოეთში ჩანს, რამდენად საფრთხის ქვეშაა ევროპაში მშვიდობა. მე მხოლოდ შემიძლია, ყველას მოვუწოდო, სერიოზულად მოვეკიდოთ ამ საფრთხეს. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ მშვიდობისა და თავისუფლების ერთად დასაცავად“, – განუცხადა ფრიდრიხ მერცმა ჟურნალისტებს.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. მერცმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის მასშტაბით სკეპტიციზმი იზრდება, რის მაგალითადაც მოიყვანა აღმოსავლეთ გერმანიაში გამართული რეგიონული არჩევნები, სადაც პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება მოიპოვა.