ფრიდრიხ მერცი – მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა ისხდნენ უკრაინა, ევროპელები, ამერიკელები და რუსეთი, რუსული მხრიდან მეტი მზაობაა აღიარებისთვის, რომ ევროპის გარეშე ევროპის შესახებ საუბარი შეუძლებელია

15:40, 12.11.2026

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებაზე, აბუ დაბის მოლაპარაკებების სიგნალებსა და სამშვიდობო პროცესში ევროპის მონაწილეობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ფრიდრიხ მერცის თქმით, ევროპული საბჭოს სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერის დაფინანსება იქნება.

კანცლერის განცხადებით, აუცილებელია 2027 წლის საბიუჯეტო დეფიციტის შევსება, რის შემდეგაც ევროკავშირი 2028 წლიდან ერთობლივ ფინანსურ ჩარჩოზე იმსჯელებს. მერცის შეფასებით, ეს რთული მოლაპარაკებები იქნება, თუმცა წლის ბოლომდე პროცესის დასრულების კარგი შანსი არსებობს.

მერცმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს საერთო ამოცანაა, რადგან ეს თავად ევროპის ინტერესებში შედის.

„ქვეყანას წინ ძალიან, ძალიან მძიმე ზამთარი ელოდება და ახლა გადამწყვეტია, ევროპელები ერთად დადგნენ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ფრიდრიხ მერცმა დადებითად შეაფასა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო ორი დღის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებები და აღნიშნა, რომ ჩნდება შანსი, ამერიკელებთან ერთად, ევროპაში რეალურ სამშვიდობო წესრიგს მიაღწიონ, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა.

კითხვაზე, რას ელოდება მოსკოვისგან, საღამოს დაგეგმილი კონტაქტებისგან, ასევე ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან, მერცმა უპასუხა, რომ მთავარია, ვლადიმერ პუტინი საერთო მოლაპარაკებებს დათანხმდეს.

„მაგიდასთან უნდა ისხდნენ უკრაინა, ევროპელები, ამერიკელები და, რა თქმა უნდა, რუსეთი. გარკვეული კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ რუსული მხრიდან, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტი მზაობაა იმის აღიარებისთვის, რომ ევროპის შესახებ ევროპის გარეშე საუბარი შეუძლებელია. პირველ ეტაპზე ეს კარგი ამბავია, თუმცა დარჩება თუ არა ასე, მომდევნო დღეების მოლაპარაკებები გვიჩვენებს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

რაც შეეხება ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენელს, კანცლერმა აღნიშნა, რომ ახლა საქმე პერსონალიებს არ ეხება და ამ საკითხს ევროპელი ლიდერები დახურულ კარს მიღმა განიხილავენ.

მისივე თქმით, ევროპას უკვე აქვს გამოცდილი ფორმატები, როგორიცაა E3 (გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) და ხუთეულის ფორმატი (იტალიისა და პოლონეთის ჩართულობით), რომლებიც ეფექტურად მუშაობენ და მთავარია, თავად რუსეთი მივიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მსგავსი