ფრიდრიხ მერცი – ირანზე დარტყმების მიყენებითა და ბირთვული იარაღის შემუშავების პრევენციით, ისრაელი ასრულებს ბინძურ სამუშაოს ყველა ჩვენგანისთვის

14:59, 18.06.2025

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, ირანზე დარტყმების მიყენებითა და ბირთვული იარაღის შემუშავების პრევენციით ისრაელი ასრულებს „ბინძურ სამუშაოს ყველა ჩვენგანისთვის“.

გერმანულ მედიასაშუალება ZDF-თან ინტერვიუში კანცლერს კითხვა დაუსვეს, ეთანხმება თუ არა იმ მოსაზრებას, რომ ისრაელი მთელი მსოფლიოს სასარგებლოდ ასრულებს „ბინძურ სამუშაოს“. მერცის თქმით, ის მადლიერია, რომ კითხვის დასმისას სწორედ ეს ტერმინი – „ბინძური სამუშაო“ გამოიყენეს.

„ირანის რეჟიმმა სიკვდილი და დესტრუქცია მოუტანა მსოფლიოს თავდასხმებით, მკვლელობებით, ხოცვით, „ჰეზბოლათი“ და „ჰამასით““.

მისივე შეფასებით, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა „შეუძლებელი იქნებოდა“ ირანის მხარდაჭერის გარეშე.

​„შემიძლია ვთქვა, რომ უდიდესი პატივისცემა მაქვს იმის მიმართ, რისი გაკეთების გამბედაობაც ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა და მთავრობამ გამოიჩინეს“, – აღნიშნა მერცმა.

მისივე თქმით, „სხვა შემთხვევაში, კიდევ მრავალი თვისა და წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა ამ რეჟიმის ტერორი და შემდეგ, სავარაუდოდ, ბირთვული იარაღი აღმოჩნდებოდა მათ ხელში“.

მსგავსი