ფრიდრიხ მერცი - გერმანული ფრთოსანი რაკეტის, „ტაურუსის“ უკრაინისთვის გაგზავნა იყო და რჩება ვარიანტად, თუმცა გერმანია ომში არ ჩაერთვება
ფრიდრიხ მერცი - გერმანული ფრთოსანი რაკეტის, „ტაურუსის“ უკრაინისთვის გაგზავნა იყო და რჩება ვარიანტად, თუმცა გერმანია ომში არ ჩაერთვება

გერმანული ფრთოსანი რაკეტის, „ტაურუსის“ უკრაინისთვის გაგზავნა იყო და რჩება ვარიანტად, თუმცა გერმანია ომში არ ჩაერთვება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

„ყოველთვის ნათელი იყო, რომ თუ „ტაურუსებს” მივაწვდით, ამ იარაღს არა გერმანელი ჯარისკაცები, არამედ უკრაინელი ჯარისკაცები გამოიყენებენ. სხვათა შორის, იგივე ეხება დიდი ბრიტანეთის ან საფრანგეთის მიერ მიწოდებულ სხვა ფრთოსან რაკეტებსაც“, – განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, „ტაურუსის” ტიპის რაკეტებთან მუშაობა უკიდურესად რთულია, ამიტომ უკრაინელი სამხედროების წვრთნას, სულ მცირე, ექვსი თვე დასჭირდება. მისი თქმით, ეს სამუშაო ჯერ არ დაწყებულა.

„ჩვენთვის პრობლემა ის არის, რომ ეს სისტემა უკიდურესად რთულია და ჯარისკაცების მომზადებას, სულ მცირე, ექვსი თვე სჭირდება. წვრთნიან თუ არა მათ უკვე? ჩვენ ჯერ ამაზე არ შევთანხმებულვართ. ამაზე ზელენსკისთან ვისაუბრე, კოალიციაშიც განვიხილე. ჯერ არ დაგვიწყია. ეს არის და რჩება ვარიანტად“ – აღნიშნა მერცმა.

ამასთან, მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია აღარ გამოაცხადებს საჯაროდ, თუ რა იარაღს გადასცემს უკრაინას, რათა რუსეთს არ მიეცეს შესაძლებლობა, ზუსტად შეაფასოს დასავლეთის ქმედებები.

„მე ასევე ვთქვი, რომ მომავალში აღარ განვიხილავთ საჯაროდ საკითხს, თუ რა იარაღს ვაწვდით და რას ვაკეთებთ უკრაინის სამხედრო მხარდასაჭერად, რადგან მსურს, პუტინს ჰქონდეს გარკვეული გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ სამხედრო თვალსაზრისით. მხოლოდ ერთი რამ არის გარკვეული და ამას ამ გადაცემაშიც ვიმეორებ: გერმანია ომის მხარე არ გახდება“, – განაცხადა მერცმა.