ფრიდრიხ მერცი - გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, მათ შორის უპილოტო აპარატების წარმოებაში ინვესტიციის ჩადებას გეგმავს
გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, მათ შორის უპილოტო აპარატების წარმოებაში ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მერცის თქმით, უკრაინასა და გერმანიას შორის ხელი მოეწერება დოკუმენტებს უკრაინაში იარაღის წარმოების ახალი პროექტების დაფინანსების დასაწყებად.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რადიუსის შეზღუდვა არ იქნება და ეს უკრაინას საშუალებას მისცემს, სრულად დაიცვას თავი, მათ შორის საკუთარი ტერიტორიის გარეთ მდებარე სამხედრო სამიზნეებისგან.
„ამ ომში ევროპული მხრიდან არასდროს ყოფილა მეტი დიპლომატია, როგორც ბოლო სამი კვირის განმავლობაში პრეზიდენტ ზელენსკისთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციით, პრეზიდენტ ტრამპთან მჭიდრო კოორდინაციით. იმედი მაქვს, რუსეთი ამას აღიარებს და სერიოზულად მოეკიდება ჩვენს სურვილს, რომ მოლაპარაკებებზე, ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წავიდეთ ყველა დონეზე. ისინი ამას ახლა თუ არ გააკეთებენ, მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცებენ, რომ მათ მოლაპარაკებების სერიოზული ინტერესი არ აქვთ და ამ ომის სამხედრო გზით გაგრძელება სურთ. ამავდროულად, უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მე-18 პაკეტზე. ჩვენ ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ შეერთებულ შტატებთან. თქვენ იცით, რომ აშშ-ის მთავრობა და აშშ-ის კონგრესი ინტენსიურ დიალოგს აწარმოებენ ერთმანეთთან შეერთებული შტატების მხრიდან დამატებითი სანქციების შესახებ. უკრაინა მზადაა, გადადგას შემდეგი ნაბიჯი და რუსეთთან ტექნიკური მოლაპარაკებები გამართოს, იქნება ეს ვატიკანი, ჟენევა თუ სხვა ნებისმიერი ადგილი. ჩვენ, ევროპელები, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ვეთანხმებით ჩვენს პარტნიორებს პარიზში, ლონდონში, ვარშავაში, რომში, ჰელსინკიში, ბრიუსელსა და ევროპის სხვა მრავალ ქალაქში“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.
გერმანიის კანცლერმა ასევ აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმის უზრუნველყოფისთვის, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ხელახლა ამოქმედება შეუძლებელი გახდეს.