ფრიდრიხ მერცი – ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ის ასევე იცავს ჩვენს თავისუფლებას

16:17, 09.09.2026

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას, რადგან ის ასევე იცავს ჩვენს თავისუფლებას“,- განაცხადა მერცმა ბუნდესტაგში გამართული დებატების დროს.

ამასთან, მერცმა ულტრამენარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარე ალის ვაიდელი დაადანაშაულა „აგრესორისა და მსხვერპლის როლების გროტესკულ შეტრიალებაში“.

მანამდე ვაიდელმა მერცს მოუწოდა, საბოლოოდ დაუჭიროს მხარი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას. ამავე გამოსვლაში ვაიდელმა მერცი რუსეთის მიმართ „საომარ პროპაგანდაში“ დაადანაშაულა.

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმაზე საუბრისას მერცმა განაცხადა, რომ არავინ ემუქრებოდა რუსეთს, არც ნატო, არც ევროკავშირი და არც გერმანია“.

მისივე თქმით, „ერთადერთი, რაც რეალურად ემუქრება რუსეთს და პუტინს, დემოკრატიის მიმზიდველობაა“.

მერცის განცხადებით, უკრაინა ევროპულ დემოკრატიულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე იდგა და რუსეთი სწორედ ამიტომ დაესხა მას თავს.

კანცლერის თქმით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ „აშკარად კვლავ რუსეთის მხარეს დგას, როდესაც საქმე ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების დაცვასაც ეხება“.

„სწორედ აქ გადის ღრმა განხეთქილების ხაზი თქვენსა და ჩვენ შორის. ღრმა განხეთქილება საგარეო პოლიტიკაში, ევროპულ პოლიტიკაში, ასევე სოციალურ და სამშვიდობო პოლიტიკაში“, – თქვა მერცმა.

მსგავსი