ფრიდრიხ მერცი - ჩვენ არ შევამცირებთ უკრაინის მხარდაჭერას, პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ არ აქვს ომის მოგების შანსი ევროპული თავისუფლებისა და მშვიდობის ხარჯზე
ფრიდრიხ მერცი - ჩვენ არ შევამცირებთ უკრაინის მხარდაჭერას, პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ არ აქვს ომის მოგების შანსი ევროპული თავისუფლებისა და მშვიდობის ხარჯზე

პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას არ აქვს ომის მოგების შანსი ევროპული თავისუფლებისა და მშვიდობის ხარჯზე, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მერცის თქმით, გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის მხარდაჭერის გაწევას.

„ჩვენ არ შევამცირებთ უკრაინის მხარდაჭერას. უკრაინელ ხალხს იმდენ ხანს დავუჭერთ მხარს, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენ გვსურს, გაყინული რუსული აქტივები სწორედ ამ მიზნისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ არ აქვს შანსი, მოიგოს ეს ომი ევროპული თავისუფლებისა და მშვიდობის ხარჯზე. სწორედ ამიტომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის მხარდაჭერის გაწევას 2026 წლის ფედერალური ბიუჯეტის ფარგლებში. ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ ეს თანხა კიდევ სამი მილიარდი ევროთი გავზარდეთ, სულ 11,5 მილიარდ ევრომდე“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპას სურს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, თუმცა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უნდა მოხდეს უკრაინისა და ევროპის თანხმობით.

„დიახ, ჩვენ გვსურს, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, თუმცა დიდ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება უკრაინისა და ევროპელების თანხმობის გარეშე არ იქნება საფუძველი უკრაინაში ნამდვილი, მდგრადი მშვიდობისთვის. სწორედ ამიტომ არის ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთიანობა ევროპაში, ერთიანობა უკრაინასთან და ერთიანობა ტრანსატლანტიკურ ალიანსში“, – აღნიშნა მერცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას.

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპა არ არის პაიკი, არამედ სუვერენული აქტორია, რომელსაც საკუთარი ინტერესები და ღირებულებები აქვს.

„მივესალმები კონფლიქტის მოსაგვარებლად ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას. იგივე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს გასულ პარასკევს სატელეფონო საუბრისას, მაგრამ უკრაინისთვის, ევროპისთვის და ამერიკასთან ჩვენი ალიანსისთვის ამ საბედისწერო მომენტში, ასევე მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ ევროპულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით შეიძლება. ევროპა არ არის პაიკი, არამედ სუვერენული მოთამაშეა, რომელიც საკუთარ ინტერესებსა და ღირებულებებს მისდევს. ყველა ამ მოვლენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ომი შეიძლება ხვალ დასრულდეს. თუ რუსეთი შეწყვეტს თავდასხმას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და გაიყვანს თავის ჯარებს უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან. ამ ომის დასრულება ხვალვე შეიძლება“, – აღნიშნა მერცმა.