ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრებს არ გეგმავს
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრებს არ გეგმავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრებს არ გეგმავს.

როგორც მერცმა აღნიშნა, წარსულში ასეთმა კონტაქტებმა უკრაინაში სიტუაციის დეესკალაცია ვერ მოახდინა. ამ კონტექსტში მან გაიხსენა 2024 წლის ივლისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პუტინთან ვიზიტი და გერმანიის ყოფილ კანცლერს, ოლაფ შოლცსა და რუსეთის მმართველს შორის სატელეფონო საუბარი.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტს მოსკოვში რუსეთი კიევისა და საავადმყოფოების მძიმე დაბომბვით შეხვდა. ჩემს წინამორბედთან ბოლო სატელეფონო საუბარს ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვა მოჰყვა. ამიტომ, თუ ეს ასეთი სატელეფონო ზარების შედეგია, მე დიდი ხნით თავს შევიკავებ სატელეფონო ზარებისგან“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინისგან დისტანცირებას ახდენს, მერცმა უპასუხა: „აშშ-ის პრეზიდენტი სულ უფრო სკეპტიკური და კრიტიკული ხდება. ეს პროცესია. ევროპაში ამ ომის შეფასებასთან დაკავშირებით დიდი თანხვედრაა. მე მჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ შეფასებას უახლოვდება“, – აღნიშნა მერცმა.