ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ კოალიციის ფორმირებაზე „სოციალ-დემოკრატებთან“ გამართული წინასწარი მოლაპარაკებები „უკიდურესად კარგ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში“ გაიმართა
გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი და კანცლერობის კანდიდატი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ კოალიციის ფორმირებაზე „სოციალ-დემოკრატებთან“ გამართული წინასწარი მოლაპარაკებები „უკიდურესად კარგ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში“ გაიმართა.
„როგორც შევთანხმდით, მე არ მინდა, დღეს გავასაჯაროო რაღაც დეტალები „სოციალ-დემოკრატებთან“ ამ წინასწარ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი გამოირჩეოდნენ დიდი სერიოზულობით და შეხვედრა გაიმართა იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენ ნამდვილად უნდა განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ ქვეყანაში მომავალ საარჩევნო პერიოდში. ჩვენ, ყველამ ვიცით, „სოციალ-დემოკრატებმაც“ და ჩვენც, რომ მომავალი ფედერალური არჩევნები 2029 წელს არ იქნება მთავრობის უბრალოდ მორიგი ცვლილება“, – განაცხადა მერცმა.
ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს გაიმართა. არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიული ბლოკი, რომელმაც ხმების 28.5 პროცენტი აიღო. ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ რეკორდულად ცუდი შედეგი აჩვენა და ხმების 16.4 პროცენტი მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელსაც ამომრჩეველთა 20,5 პროცენტმა მისცა ხმა.
„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ „სოციალ-დემოკრატებთან“ კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს მომავალ კვირაში გააგრძელებს. ფრიდრიხ მერცი იმედოვნებს, რომ კოალიციის ფორმირებას აღდგომამდე, ანუ 20 აპრილამდე შეძლებს.