ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია ამ ეტაპზე დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ კონსტიტუციური მიზეზების გამო ვერ გაწევრიანდება
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია ამ ეტაპზე დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ კონსტიტუციური მიზეზების გამო ვერ გაწევრიანდება

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ ამჟამინდელი ფორმა ოფიციალურ ბერლინს გაწევრიანებაში ხელს უშლის.

მერცის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება გერმანიისთვის „კონსტიტუციური მიზეზების გამო“ მიუღებელია.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, განვიხილოთ სხვა ფორმები, თანამშრომლობის ახალი ფორმები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბერლინი მზადაა, ითანამშრომლოს ვაშინგტონთან ახალი ფორმატების ძიებაში, რომლებიც მშვიდობას მოიტანს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. მე არ მინდა, ეს მხოლოდ ღაზის სექტორითა და ახლო აღმოსავლეთით შემოვიფარგლოს. რა თქმა უნდა, ეს, შეიძლება, უკრაინასაც მოიცავდეს“, – განაცხადა მერცმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი ხუთშაბათს, 22 იანვარს დავოსში, შვეიცარიაში მოეწერა.

ტრამპის „მშვიდობის საბჭო“, გეგმის მიხედვით, ღაზაში მშვიდობის უზრუნველყოფასა და მის რეკონსტრუქციაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა შემდგომში გლობალური კონფლიქტების მოგვარებაში უფრო ფართო როლს შეასრულებს.