ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროკომისიის მიერ წარდგენილი ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე ასეული მილიარდი ევროთი უნდა შემცირდეს – „ბიუჯეტის პროექტი მიუღებელი და დაუბალანსებელია“
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი, თითქმის 2 ტრილიონი ევროს მოცულობის ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე ასეული მილიარდი ევროთი უნდა შემცირდეს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, დუბლინში, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მერცმა განაცხადა, რომ ევროკომისიის ბიუჯეტის პროექტი „მიუღებელი“ და „დაუბალანსებელია“.
მისივე თქმით, მიუღებელია ევროკავშირის ინსტიტუტებში 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის გეგმაც.
„სწორედ ამიტომ გვჭირდება ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ყველა მიმართულებით შემცირებას ითვალისწინებს, საერთო ჯამში, რამდენიმე ასეული მილიარდი ევროთი. ეს შემცირებები აუცილებელია“, – განაცხადა მერცმა.
„პოლიტიკოს“ კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა მისი განცხადება იმ 400 მილიარდი ევროს შემცირებას, რომელიც გასული თვის ბოლოს გერმანიის დოკუმენტში იყო ნახსენები, მერცმა დეტალებზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.
„მიუღებელია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში 2 500 ახალი პოზიცია შეიქმნას. ამას არ დავეთანხმებით“, – განაცხადა მერცმა.
მისივე თქმით, გერმანია 2029 წლისთვის საკუთარი სახელმწიფო აპარატის თანამშრომელთა რაოდენობას 8%-ით ამცირებს.
ევროკავშირის საბჭოს ირლანდიის თავმჯდომარეობის პერიოდში, დუბლინმა ოქტომბერში დაგეგმილ ევროკავშირის ლიდერების სამიტამდე ბიუჯეტის ახალი პროექტი უნდა წარადგინოს.