ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება – „ნუ მივცემთ თავს უფლებას, რომ დაგვაშინონ, ჩვენ დავიცავთ ჩვენი საზოგადოების თავისუფლებას“

22:02, 26.07.2026

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილით თავდასხმას შედეგები მოჰყვება.

აღნიშნული თავდასხმა გერმანიის ხელისუფლებამ ტერორისტულ აქტად შეაფასა.

ფრიდრიხ მერცმა თავდასხმა დაგმო და მსხვერპლთა ოჯახებსა და დაშავებულებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

გერმანიის კანცლერმა ისაუბრა საზოგადოების თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე, მადლობა გადაუხადა საგანგებო სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის და აღნიშნა, რომ დამნაშავეთა დასაკავებლად ყველა ზომა იქნება მიღებული.

„მსურს, მადლობა გადავუხადო საგანგებო სამსახურებს სამაგალითო და სწრაფი რეაგირებისთვის, რამაც შესაძლოა, თავიდან აგვაცილა უარესი რამ. მინდა, ვუთხრა „კრისტოფერ სტრიტის დღის“ მონაწილეებს აქ, ბერლინში, ისევე როგორც მთელ გერმანიაში: ნუ მივცემთ თავს უფლებას, რომ დაგვაშინონ. ამ ქმედებებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – ჩვენი საზოგადოების გახლეჩა. მათ სურთ, წაგვართვან ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი გვაქვს: ჩვენი ღიაობა და ჩვენი თავისუფლება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ დამნაშავე ან დამნაშავეები. ჩვენ ავწონ-დავწონით შედეგებს და გადაწყვეტილებებს მივიღებთ წინდახედულობით, თუმცა, ამავდროულად, მტკიცედ. ჩვენი საზოგადოების გულში დამნაშავეების, ექსტრემისტების ადგილი არ არის“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ამასთან, მისივე თქმით, არ დაუშვებს, რომ „ტერორიზმის შხამი“ საზოგადოებაში გავრცელდეს.

„არ დავუშვებთ, რომ ტერორიზმის ეს შხამი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს საზოგადოებაში კვლავაც გავრცელდეს. ნებისმიერი პარტიულ-პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჩვენ დავიცავთ ჩვენი საზოგადოების თავისუფლებას. ამის იმედი ყველას შეუძლია ჰქონდეს. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ, ჩვენ უფრო ძლიერი ვართ და ჩვენს ქვეყანაში ერთად ვდგავართ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ცნობისთვის, ბერლინში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილი ხალხში შევარდა. ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტიერგარტენის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო, სულ მცირე, 29 დაშავდა, მათგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.

მსგავსი