ფრიდრიხ მერცი - 6 ივნისს ამერიკელებმა ერთხელ უკვე დაასრულეს ომი ევროპაში, ვიცით რამდენად ვართ ვალში თქვენთან, ამიტომ ვამბობ, რომ ამერიკას შეუძლია, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე გავლენა იქონიოს
6 ივნისს ამერიკელებმა ერთხელ უკვე დაასრულეს ომი ევროპაში, ვიცით, რამდენად ვართ ვალში თქვენთან, ამიტომ ვამბობ, რომ ამერიკას შეუძლია, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე გავლენა იქონიოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მერცმა აღნიშნა, ყველა ეძებს შესაბამის ინსტრუმენტებს, რათა რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს.
„მე აქ ვარ, ბატონო პრეზიდენტო, რომ მოგვიანებით გესაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მიზნის მიღწევაში. ჩვენ, ყველანი ვეძებთ ზომებს და ინსტრუმენტებს, რათა დავასრულოთ ეს საშინელი ომი. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ხვალ, 6 ივნისს აღინიშნება დღე, როცა ამერიკელებმა ერთხელ უკვე დაასრულეს ომი ევროპაში. მე ვფიქრობ, რომ ეს თქვენს ხელშია, და, რა თქმა უნდა, ჩვენსაში“, – აღნიშნა მერცმა.
მერცის რეპლიკას, რომ ამერიკელებმა 6 ივნისს ევროპაში ომი უკვე ერთხელ დაასრულეს, ტრამპა უპასუხა, რომ ეს დღე ალბათ არასასიამოვნო იქნებოდა. ფრიდრიხ მერცმა კი აღნიშნა, რომ არასასიამოვნო დღე იყო, თუმცა ამან გერმანია ნაცისტური დიქტატურისგან გაათავისუფლა.
„ნამდვილად არასასიამოვნო დღე იყო, თუმცა ეს იყო ჩემი ქვეყნის გათავისუფლება ნაცისტური დიქტატურისგან. ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად ვართ ვალში თქვენთან. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ამერიკა დღესაც ძლიერ პოზიციაშია, რათა გავლენა იქონიოს ომის დასრულებაზე. მოდით, ვისაუბროთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ერთად. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. თქვენ კარგად იცით, რომ უკრაინას აქტიური მხარდაჭერა გავუწიეთ და ახლა კიდევ უფრო ძლიერ ზეწოლას ვახდენთ რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა მერცმა.