ფრიდონ ინჯიას განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს
ფრიდონ ინჯიას განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე გარკვეულ გაყალბებას ჰქონდა ადგილი, თუმცა იმ დოზით არა, რომ ხელმეორე არჩევნების საფუძველი შექმნილიყო.

როგორც მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ განაცხადა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს.

„გაყალბების რაღაც ელემენტები იყო, სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა მიმართულებით, რეგიონში სხვა იყო, ქალაქში სხვა, მაგრამ ეს არ იყო გაყალბების ის დოზა, რომელიც შეიძლება, ხელმეორედ არჩევის საფუძველი იყოს. ეს არჩევნების შედეგებს და ხალხის ნებას არ შეცვლიდა“, – განაცხადა ინჯიამ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, არჩევნები სხვა შედეგით დასრულდებოდა თუ არა, თუკი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არჩევნებამდე განაცხადებდა, ფრიდონ ინჯიამ უპასუხა, რომ განსხვავებული შედეგი დადგებოდა.

„შეიძლებოდა, კოალიციური მთავრობა ყოფილიყო და არავითარი ხელახალი არჩევნების მოთხოვნა არ იქნებოდა. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი რომ დიდ რამეს ნიშნავს, ეს ფაქტია, მთელი ამ წლების განმავლობაში მან თავისი ადგილი, სიტყვა და საქმე დატოვა“, – განაცხადა ინჯიამ.

წამყვანის კითხვაზე, როგორია „ევროპელი სოციალისტების“ პოზიცია ნატო-სთან დაკავშირებით, რადგან პარტიის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრი ასოცირების ხელშეკრულებას აკრიტიკებდა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ნატო არის ახალი ტექნოლოგიები, ახალი სამუშაო ადგილები, სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტია.

„აქედან გამომდინარე, პარტია მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას. ეს არის მთლიანად პარტიის პოზიცია, პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებულია და არ მგონია, მათ სხვა განცხადება გააკეთონ. მე თქვენ ვერ გეტყვით, მაგალითად, ვიქტორ ცაავა 2008 წელს რა განცხადებას აკეთებდა, მაგრამ მან არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა აიღო და ტამიშში იბრძოდა, სადაც ჩემი ქვეყნის თითო გოჯ მიწას იცავდა. ეს ადამიანი ჩემი ქვეყნისთვის თავდადებული იყო, რაც ჩემთვის გადამწყვეტია. ის არის პოლიტიკოსი, რომელმაც ეს გაიარა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.