ფრიდონ ინჯია - სასიამოვნოა, რომ დღეს ვხედავთ იმ ოპოზიციის ნაწილს, რომელსაც უნდა აღმშენებლობა, გუშინდელ პარლამენტს მართლაც აკლდა მათი ხმა
ფრიდონ ინჯია - სასიამოვნოა, რომ დღეს ვხედავთ იმ ოპოზიციის ნაწილს, რომელსაც უნდა აღმშენებლობა, გუშინდელ პარლამენტს მართლაც აკლდა მათი ხმა

სასიამოვნოა, რომ დღეს ვხედავთ იმ ოპოზიციის ნაწილს, რომელსაც უნდა აღმშენებლობა, გუშინდელ პარლამენტს მართლაც აკლდა მათი ხმა, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ  დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დარჩა კიდევ გარკვეული ნაწილი ოპოზიციისა, რომელსაც უნდა ქვეყნის დანგრევა.

„სხვანაირად ვერ წარმომიდგენია იყო გარეთ და სრულიად გაუგებარი მოთხოვნები გქონდეს. ჩვენმა მეგობრებმა დასავლეთში მართლაც დიდი შრომა ჩადეს, რომ ეს შეთანხმება მიღწეულიყო, რომელსაც ჩვენც „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოვაწერეთ ხელი, რათა ქვეყანაში სტაბილურობა იყოს. ეს ჩვენს პატარა ქვეყანას და ამ მდგომარეობას, რაშიც დღეს ვიმყოფებით, ძალიან სჭირდება. ახლა მთავარია სრულფასოვნად შევასრულოთ შეთანხმება და მივიყვანოთ ბოლომდე, რაზეც ხელი მოვაწერეთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

ფრიდონ ინჯიამ ამნისტიის კანონთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ერთგვარ ტრადიციად იქცა პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნა.

„ახლა როგორ გავარკვიოთ ჩვენ, ის სამართალდამცავები, რომლებიც იცავდნენ პარლამენტის შენობას, სახელმწიფო დაწესებულებას, ასრულებდნენ თავის მოვალეობას და იყო დესტრუქციული ჯგუფი, რომელიც მართლაც უკანონო ქმედებებს ჩადიოდა. ერთს მივუდგეთ როგორც გასათავისუფლებელს და შეეხოს ამნისტია და იმას, რომლებიც ასრულებდა თავის მოვალეობას, იმას ეს არ შეეხოს?„ევროპელ სოციალისტებს“ გვაქვს იდეა, რომ მართლაც სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი გამოვაცხადოთ საყოველთაო ამნისტია, მაშინ არ იქნება ის მეოთხე თუ მეხუთე ეტაპი, როდესაც კვლავ იქნება ვინმეს გათავისუფლების მოთხოვნა. ვინც კრიმინალია, ის ისევ იქ იქნება, მე მაქვს მხედველობაში, ვისაც მისჯილი აქვს. ამით ჩვენ დიდ ეკონომიას გავუკეთებთ სახელმწიფოს და კიდევ, არ იქნება სასპეკულაციო თემა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.