ფრიდონ ინჯია - საარჩევნო კოდექსმა უმეტეს შემთხვევაში გაამართლა
ფრიდონ ინჯია - საარჩევნო კოდექსმა უმეტეს შემთხვევაში გაამართლა

არჩევნების  შემდეგ განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საარჩევნო კოდექსმა უმეტეს შემთხვევაში გაამართლა, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომელიც 2 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება.

მისივე თქმით, არჩევნებმა აგრეთვე აჩვენა, რომ ბევრი რამ კიდევ დასახვეწია, რათა ქვეყნას სრულყოფილი საარჩევნო კოდექსი ჰქონდეს.

„საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი რამ, რაც სხვა ქვეყნების კოდექსებში არ არის გათვალისწინებული. მე მხედველობაში მაქვს ჩვენი მენტალიტეტი, ჩვენი ადათ-წესი. საარჩევნო კოდექსში უნდა ჩაიდოს ისეთი მექანიზმები,  რომლებმაც ხელი არ უნდა შეუშალოს საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და კონკურენტუნარიანობას. ამ კანონში, არჩევნების დღემდე ყველაფერი უნდა გაიწეროს, მოხდეს დარღვევების დიფერენცირება – დარღვევები, რომლებიც არის მძიმე და რომლებიც არის მსუბუქი. აქედან გამომდინარე შეიძლება, ისეთი რამ ჩაიწეროს, რომ პარტია მოიხსნას ოლქიდან“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიას შეფასებით, 2 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციებმა დამაკმაყოფილებლად იმუშავეს.