ფრიდონ ინჯია - ქართველები უცნაურები ვართ, იყო თავმჯდომარე, წადიო, წავიდა, რატომ მიდიხარო, ივანიშვილი დიდ ქველმოქმედებას აკეთებდა, თუმცა არავინ იცოდა, ალბათ ამ პოზიციებს უნდა დაუბრუნდეს
ფრიდონ ინჯია - ქართველები უცნაურები ვართ, იყო თავმჯდომარე, წადიო, წავიდა, რატომ მიდიხარო, ივანიშვილი დიდ ქველმოქმედებას აკეთებდა, თუმცა არავინ იცოდა, ალბათ ამ პოზიციებს უნდა დაუბრუნდეს

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ხალხმა გაიცნო 2011 წელს, როცა პოლიტიკაში მოვიდა, თუმცა მანამდე დიდ ქველმოქმედებას ეწეოდა და ეს არავინ იცოდა.

ინჯია ვარაუდობს, რომ ივანიშვილი სწორედ 2011 წლამდე საქმიანობას უნდა დაუბრუნდეს.

„ქართველი ხალხი უცნაურები ვართ. იყო თავმჯდომარე – წადი, წადიო, ახლა კაცი წავიდა და რატომ მიდიხარ, არ უნდა წახვიდეო. ბიძინა ივანიშვილი ქართველმა ხალხმა გაიცნო 2011 წელს. ამ დროს, მთელი წლების განმავლობაში, ეს პიროვნება დიდ ქველმოქმედებას აკეთებდა, არავინ იცოდა. ახლა გადაწყვიტა, რომ წასულიყო. თუ მას 2011 წლამდე შეეძლო ასე, ინკოგნიტოდ გაეკეთებინა დიდი საქმეები, დახმარებოდა ჩვენს ქვეყანას, ალბათ ახლა კიდევ უნდა დაუბრუნდეს იმ პოზიციებს, რაც იყო 2011 წლამდე“, – განაცხადა ინჯიამ.

ამასთან, ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საკადრო პოლიტიკის კუთხით, „ქართულ ოცნებას“ წლების განმავლობაში შეცდომები ჰქონდა.

„არ მგონია, ბიძინა ივანიშვილი იყოს მტერი, ეს გამორიცხულია. ის საკმაოდ გამოცდილი კაცია, ყველაფერს ხედავს და მან გადაწყვიტა, რომ ახლა, ასეთ პერიოდში ყველაზე კარგია, განაგრძოს თავისი ცხივრება. ისე, ამ წლების განმავლობაში იყო დიდი შეცდომები, უარყოფითად იმოქმედა საქართველოზე. კერძოდ, ვგულისხმობ საკადრო პოლიტიკას. ბევრჯერ იყო სრულიად გაუაზრებელი დანიშვნები, რეკომენდაციები, მხარდაჭერა. ამ საკადრო პოლიტიკამ ბევრ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა ფინანსურად და ეკონომიკურად უკან დაწია“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.