ფრიდონ ინჯია - პარლამენტის ბოიკოტი იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაში, რომლის მიზანსაც ქვეყანაში არეულობის შექმნა წარმოადგენდა
ფრიდონ ინჯია - პარლამენტის ბოიკოტი იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაში, რომლის მიზანსაც ქვეყანაში არეულობის შექმნა წარმოადგენდა

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საუბრისას ფრიდონ ინჯიამ ხაზი გაუსვა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა საგამოძიებო კომისიის წევრობა.

„დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იყო. მაგალითად, პირადად მე, როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი, კიდევ ერთხელ დამაფიქრა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა, იყო საგამოძიებო კომისიის წევრი, რომელსაც შეუძლია, გამოიტანოს ისეთი დასკვნები, რაც შესაძლოა, სარეკომენდაციო და მნიშვნელოვანი იყოს კონსიტუციური ინსტიტუტების მიმართ. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, პარლამენტის და ამან გავლენა იქონიოს მომავალ კანონებზე, რომელსაც მიიღებს პარლამენტი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიამ საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში შესული ოპოზიციიდან კომისიის მუშაობაში მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, ცხადი გახდება, რომ მათ არჩევნების გაყალბების ფაქტობრივი მასალა არ აქვთ.

„ჩვენ, „ევროპელი სოციალისტები“ როდესაც შემოვედით პარლამენტში, დარწმუნებული ვიყავით, რომ არჩევნების დროს იყო დარღვევები, მაგრამ მთლიანობაში მიგვაჩნდა, რომ არ იყო გაყალბებული. მე, როგორც ერთ-ერთი რეგიონის პასუხისმგებელ პირს, თავისუფლად და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, იყო დარღვევები, მნიშვნელოვანი, ძალიან სერიოზული, მაგრამ ეს იმ სახის დარღვევები არ იყო, რომ გვეთქვა, არჩევნები გაყალბდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პარტიიდან ორმა წევრმა მაშინვე, როცა ითქვა, რომ კომისია შეიქმნებოდა, გამოვთქვით თანხმობა.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციის მონაწილეობას კომისიაში, შემიძლია ასეთი დასკვნა გავაკეთო, რომ თუ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც შემოვიდნენ პრლამენტში, აქვთ ფაქტობრივი მასალა გაყალბებისა, ისინი თვითონ იქნებიან დაინტერესებული და შემოვლენ. კარი ღიაა, მაგრამ თუ არ შემოვლენ, შესაბამისად, მათ არ აქვთ ფაქტობრივი მასალა გაყალბებისა და ამიტომ არ შემოდიან.

რაც შეეხება ბოიკოტს, რომელიც მათ ჰქონდათ გამოცხადებული პარლამენტისთვის, იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაში, რის მიზანსაც ქვეყანაში არეულობის შექმნა წარმოადგენდა და რისი საშუალებაც ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა, ევროპელმა პარტნიორებმა არ მისცეს. დარწმუნებული ვარ, ისინი არ შემოვლენ, რადგან მათ ფაქტობრივი მასალა არ გააჩნიათ, თუ ვინმეს გააჩნია ფაქტობრივი მასალა, მე ვიქნები მათი მხარე. ასეთი დროებითი საგამოძიებო კომისია არ შექმნილა დღემდე, ეს პირველია, სადაც ონლაინრეჟიმში იქნება ნაჩვენები, გაყალბდა თუ – არა გარკვეული უბნები“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის კომისიის მუშაობის სტრატეგიის გაცნობა იყო.