ფრიდონ ინჯია - ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა, სხვა გამოსავალი არ იყო, სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა შესრულდეს
ფრიდონ ინჯია - ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა, სხვა გამოსავალი არ იყო, სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა შესრულდეს

ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რომ მელია გადაიხდიდა გირაოს, არ გადაიხადა და სხვა გამოსავალი აქ არ იყო, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მსგავს დანაშაულებზე მკაცრ ზომებს იღებენ.

„ქართველი კაცის დაპატიმრება ვის გაუხარდება. საქართველოში ალბათ არავის. მაგრამ ამ შემთხვევაში, მაინც იმედი მქონდა, რომ ნიკა მელია გადაიხდიდა იმ გირაოს, რადგან ერთხელ უკვე გადაიხადა. მეჩვენება, რომ ის თავის თამაშს არ თამაშობდა. ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რომ გადაიხდიდა გირაოს, არ გადაიხადა და სხვა გამოსავალი აქ არ იყო. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არის მთლიანად „ოცნებაზე“ და ამ შემთხვევაში იყო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სასამართლოს გადაწყვეტილება რაც არ უნდა იყოს, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა შესრულდეს. თუ გაბათილებული არ არის. მას აქვს ყველანაირი უფლება ადვოკატის მეშვეობით, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. იმედი მაქვს თანამშრომლობის შემთხვევაში, შეღავათიც ექნება, თუ რამე დანაშაული აქვს. მაგრამ ასეთ დანაშაულებზე, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, გინდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მკაცრი ზომები მიიღეს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.