ფრიდონ ინჯია - მიდგომაა ჩემთვის მიუღებელი, რომ სასამართლო სისტემაში სხვა ქვეყანა ერევა, ალბათ შეცდომა და გაურკვევლობაა
ფრიდონ ინჯია - მიდგომაა ჩემთვის მიუღებელი, რომ სასამართლო სისტემაში სხვა ქვეყანა ერევა, ალბათ შეცდომა და გაურკვევლობაა

უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც ერთი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს სხვა ქვეყნის მოსამართლეებს, ალბათ ბოლო წლების ისტორიაში მსგავსი რამ არ მომხდარა. არ ვიცი, რაზე და რომელ საქმეებზეა საუბარი ან რა მოხდა, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

ინჯიას თქმით, „სტრატეგიულ პარტნიორებთან ასეთი ურთიერთობით საუბარი ალბათ მიუღებელია“.

„როგორ მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში ეს მოსამართლეები და არა – სხვებიც? მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად ვითვლებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ასეთი ურთიერთობით საუბარი ალბათ მიუღებელია. თუ ასეთი რამ მოხდა და ფაქტი არსებობს, დანაშაულია, პირველ რიგში, დიპლომატიური არხების მეშვეობით ქვეყნები ერთმანეთში აზუსტებენ და, საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები ერთვებიან. ალბათ აქ სხვა ინტერესი აქვთ ვიღაცებს. მიდგომაა ჩემთვის მიუღებელი, რომ სასამართლო სისტემაში სხვა ქვეყანა ერევა. ასე გამოდის, მოსამართლეები მე უნდა დაგინიშნო, მე უნდა განვსაზღვრო, მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება, ეს მიუღებელია. ალბათ შეცდომა და გაურკვევლობაა. იმედია, გაირკვევა. ალბათ ჩვენი ხელისუფლება სთხოვს, მოიწვევს ამერიკის ელჩს და კითხვებს დაუსვამს. ხომ უნდა იყოს რაღაც მასალა, რის საფუძველზე მოხდა ეს. ეს ხალხმა უნდა იცოდეს. იმ ხალხმა, რომლის მოსამართლეებიც არიან ისინი“, – განაცხადა ინჯიამ.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.