ფრიდონ ინჯია - ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს
ფრიდონ ინჯია - ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მუშაობაში თემატური მოკვლევის ჩატარებას მოითხოვს.

ფრიდონ ინჯიამ აღნიშნული საკითხი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დააყენა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო კომიტეტის საქმიანობის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.

„არსებობს სერიოზული, არგუმენტირებული შეკითხვები მარეგულირებელი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. დარღვევები იმდენად დიდია, რომ არ გამოვრიცხავ საჭირო გახდეს სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა.მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ვიდრე მარეგულირებელი კომისია მუშაობის შესახებ პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს, უნდა მოხდეს მისი საქმიანობის თემატური მოკვლევა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი თვლის, რომ აუცილებელია საპარლამენტო კომიტეტების სტატუსის უფრო მაღალ დონეზე აყვანა, მით უფრო, ამას ისედაც ითვალისწინებს, როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

„ვინაიდან, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა გახლავთ საპარლამენტო რესპუბლიკა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან, კანონების შესრულებასთან მიმართებაში უნდა იყოს გაძლიერებული საპარლამენტო კონტროლი. მე ვისურვებდი, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის 2021 წლის სამოქმედო გეგმაში და საერთოდ პარლამენტის საქმიანობაში ეს ხაზი იყოს უფრო მეტად გამოკვეთილი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ინფორმაციას „ევროპელი სოციალისტების“ პრესსამსახური ავრცელებს.